ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობამ 2,5-ჯერ გადააჭარბა ლარში ნომინირებული კრედიტებს. წინა თვეში ეროვნულ ვალუტაში 535.48 მლნ ლარით (1.78%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.33 მლრდ ლარით (5.47%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.86%-ით).
ეს მკვეთრად განსხვავდება წინა, აპრილის თვის მონაცემებისგან, როცა საპირისპირო ტრენდი დაფიქსირდა, კერძოდ, ეროვნულ ვალუტაში 1,5-ჯერ უფრო მეტი სესხი გაიცა.
შესაბამისად მოიმატა საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელმა, რაც კვლავაც მსესხებლების და მთლიანობაში, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად რჩება.
ჯამში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 1.87 მლრდ ლარით (3.43%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.37%-ით გაიზარდა) და მაისის ბოლოს 56.38 მლრდ ლარი შეადგინა.
2024 წლის მაისის განმავლობაში 2.54%-ით, ანუ 721.82 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 29.13 მლრდ ლარი შეადგინა.
2024 წლის მაისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.37% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.88%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.22%-ით).