შპს „მაგთიკომი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს – კახა ბექაურს კორუფციაში ადანაშაულებს და ანტიკორუფციულ ბიუროს მისი საქმიანობის შესწავლის თხოვნით მიმართავს.
„მაგთიკომის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ანდრია ზოდელავამ ოფიციალური წერილით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს – რაჟდენ კუპრაშვილს მიმართა, სადაც სთხოვს რეაგირება მოახდინოს რამდენიმე საკითხზე.
ამ საკითხებს შორის ზოდელავა ასახელებს კომუნიკაციების კომისიის მიერ 2018 დაფუძნებულ „მედიააკადემიას”, რომელიც მისი თქმით, „საკმაოდ სოლიდურია და ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს შეადგენს, თუმცა ამ ხარჯების დეტალიზაცია არ არის საჯარო და გამჭვირვალე”.
როგორც ანდრია ზოდელავა წერს, „ეკა ბერიძე (კომისიის თავმჯდომარის მეუღლე) 2020 წელს გვევლინებოდა ხსენებული იურიდიული პირის კონკრეტულ აქტივობებში, თუმცა ვინაიდან ამ ორგანიზაციის ხარჯვითი ნაწილი რატომღაც არასაჯაროა, უცნობია აღწერილი პირების თანამშრომლობის კონკრეტული პირობები, მათ შორის, ანაზღაურების ნაწილი.
ამასთან, კომისიის ბიუჯეტის ხარჯვა საკუთარი მეუღლის რეკლამირებაში შემდეგი სლოგანით – „ისწავლე საუკეთესოსგან“, როგორც ჩანს, კომისიის თავმჯდომარეს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის”, – აღნიშნავს „მაგთიკომის” წარმომადგენელი.
ის წერილში საუბრობს შპს „სხვა არხის” შესახებ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი, 2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კახა ბექაური იყო. ზოდელავა ვარაუდობს, რომ იგი შეიძლება განეკუთვნებოდეს კომისიის რეგულირების სფეროში მყოფ საწარმოს;
წერილში საუბარია კიდევ ერთ კომპანიის, შპს „ორი ნაბიჯის” შესახებ, სადაც კახა ბექაური 33,33%-იან წილს ფლობს და საიდანაც მან 2022 წელს დივიდენდის სახით მიიღო 14 820 782,23 ლარი;
ზოდელავა მიანიშნებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლზე, რომლებიც მარეგულირებელი კომისიის წევრს უკრძალავს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას და აგრეთვე, მიუთითებს, რომ „თანამდებობის პირს და მისი ოჯახის წევრს არ აქვთ უფლებას, ეკავოთ რაიმე თანამდებობა ან ასრულებდნენ რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება”.
„მაგთიკომის” დირექტორის მოადგილე მიუთითებს, რომ ბექაური არღვევს ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და ვალდებულია დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
„ფაქტობრივად დღეს კომისიას ხელმძღვანელობს პირი, რომელიც ამ ფუნქციის შესრულებაში წლიურად ხელფასის სახით იღებს 202 734 ლარს, ხოლო სამეწარმეო საქმიანობიდან (უშუალოდ წილის მართვის შედეგად) მხოლოდ 2022 წელს მას დივიდენდის სახით მიღებული აქვს 14 820 782,23 ლარი.
გამოსაკვლევია, ხომ არ იყენებს ბატონი ბექაური კომისიის თავმჯდომარის სტატუსს და უფლებამოსილებას საკუთარი პირადი და ოჯახის კეთილდღეობისათვის. თქვენ გაქვთ საშუალება, მათ შორის, გადაამოწმოთ ბატონი ბექაურის მეუღლის – ქალბატონ ეკა ბერიძის საბანკო ანგარიშებზე „მედიააკადემიიდან” ჩარიცხული თანხები.
მოგიწოდებთ, დეტალურად შეისწავლოთ წერილში აღწერილი ფაქტები”. – მიმართვას ანდრია ზოდელავა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს.
„მაგთიკომის” ბრალდებები კახა ბექაურის მიმართ ახალი არ არ არის. კომპანია წლებია ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარე ერთპიროვნულად იღებს უკანონო რეგულაციებს, რამაც ამ დარგში ინვესტიციები მინიმუმამდე შეამცირა. კომპანიამ რეაგირებისთვის პარლამენტსაც მიმართა.