კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ მისი დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს.
კონკრეტულად რა ვალდებულებები დაეკისრება „მაგთიკომს”, ჯერჯერობით უცნობია.
„მობილური მომსახურებების საცალო ბაზრის ანალიზის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზარი განიცდის სტაგნაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია.
აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 10% გაიზარდა ხოლო შემოსავლები 45%. ამის ფონზე კი, „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და როგორც 2022, ისე 2023 წლის მონაცემებით, მობილური ბაზრის აბონენტების 41%-ს და შემოსავლების 49%-ს ფლობს.
ხოლო ARPU, იგივე ერთი მომხმარებლისგან შემოსული საშუალო შემოსავლის მაჩვენებელი – „მაგთიკომისთვის“ 2022 წელს 14 ლარს, „სილქნეტისთვის“ 12-ს, „სელფი მობაილისთვის“ კი 8 ლარს წარმოადგენდა. 2022 წლიდან ბაზარს ახალი მობილური ვირტუალური ოპერატორი „ჰალო“ დაემატა, რომლის ARPU-ს მაჩვენებელი 8.5 ლარს უტოლდება”,- წერია ComCom-ის განცხადებაში.
კომისია ასევე მიუთითებს, რომ 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 51%-ს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებს, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%-ს „სელფი მობაილისთვის“ კი 19%-ს უტოლდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, მობილური ინტერნეტის მოხმარება 592%-ით გაიზარდა, „მაგთიკომი“ კი ამ პერიოდის განმავლობაში, უცვლელად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა.
ამასთან საგულისხმოა, რომ 2022 წლისთვის „მაგთიკომი“ თავის ქსელში „სილქნეტთან“ შედარებით 69%-ით მეტს, ხოლო „სელფი მობაილთან“ შედარებით 178%-ით მეტ ინტერნეტ ტრაფიკს ატარებდა. კერძოდ „მაგთიკომი“ – 232 პეტაბაიტს ატარებდა, მაშინ, როდესაც ეს მაჩენებელი „სილქნეტისთვის“ – 137-ს, „სელფი მობაილისთვის“ 83-ს წარმოადგენდა.
აქედან გამომდინარე, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ „მაგთიკომი“ მობილური დაშვების საბითუმო ბაზარზე, დანარჩენ ოპერატორებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს.
ამასთან, კვლევით დადგინდა, რომ 2019-2022 წლებში „მაგთიკომმა“ კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი ინვესტიცია განახორციელა საკუთარ ინფრასტრუქტურაში,
მაგალითად: აღნიშნულ პერიოდში დამატებული საბაზო სადგურების რაოდენობის 58.6% „მაგთიკომზე“ მოდის, როცა „სილქნეტის“ და „სელფი მობაილის“ წილები 35.4%-ს და 6.1%-ს შეადგენს. თითქმის ორჯერ მეტია „მაგთიკომის“ წილი აპარატურაზე გაწეული დანახარჯების კუთხითაც, ვიდრე „სილქნეტისა“ და „სელფის მობაილის“ შემთხვევაში. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს „მაგთიკომის“ სიმძლავრესა და დიდ პოტენციალზე.
„ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დიდი უპირატესობით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე (SMP) ოპერატორია, ვინაიდან ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში კრიტიკულად დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით – როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით.
ექსპერტებმა აღნიშნეს ისიც, რომ ბოლო წლების ტენდენციიდან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ „მაგთიკომი“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის – 40%-ის ქვემოთ ჩამოვა ან „სილქნეტი“ და „სელფი მობაილი“ შემოსავლებითა თუ აბონენტების რაოდენობით ბაზრის 40%-იან წილს მიაღწევენ”,- წერია კომისიის განცხადებაში.
როგორც კომისია ამბობს, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდება და დაევალება, რომ თავის ინფრასტრუქტურაზე სხვა მსურველი კომპანიები დაუშვას და ბაზარი გახსნას.
კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ.