საქართველოში ლუდის წარმოება ნელი ტემპით, წლიურად საშუალოდ 3%-ით იზრდება (2016-23 წლებში) და Galt&Taggart-ის შეფასებით, მიმდინარე წელს 126 მლნ ლიტრს მიაღწევს.
მწარმოებელი კომპანიების შემოსავლები ლუდის გაყიდვიდან 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 15.1%-ით იზრდებოდა.
2023 წლის 9 თვეში მათ 329.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. 2022 წელს ლუდის სექტორის შემოსავალი 294.7 მილიონი ლარი იყო.
თუმცა, ლუდის მწარმოებლების საშუალო მთლიანი მოგების მარჟა ბოლო 2 წლის განმავლობაში შემცირებულია. მოგების შემცირების მიზეზი წარმოების გაზრდილი ღირებულებაა.
წარმოების ღირებულება ძირითადად გაზრდილია ნედლეულის ფასის
ზრდის, ლუდის მცირე ზომის შეფუთვებით მოხმარებაზე გადასვლისა და
პრემიუმ ბრენდების წარმოების ზრდის ხარჯზე.
ლუდის წარმოებისთვის ძირითადად იმპორტირებული ნედლეული გამოიყენება, რაც ბოლო წლებში გაძვირებულია.
ლუდის კომპანიები
საქართველოში ლუდს 4 მსხვილი (ლომისი, ქართული ლუდის კომპანია, გლობალ ბიერ ჯორჯია და არგო) და 42 მცირე კომპანია აწარმოებს.
უმსხვილესი მწარმოებლების წილი სექტორის ჯამურ შემოსავლებში ცვალებადია და 2022 წელს მათი ბაზრის წილი შემცირდა მცირე ლუდსახარშების ხარჯზე.
ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები, ადგილობრივი ბრენდების გარდა, ლიცენზიის საფუძველზე ასევე აწარმოებენ საერთაშორისო ბრენდის ლუდსაც. მაგალითად, ლომისს აქვს AB InBev-ისა და Molson Coors-ის ზოგიერთი ბრენდის ლიცენზია (Corona, Staropramen, Lowenbrau), გლობალ ბიერ ჯორჯიას – Heineken-ის, ქართული ლუდის კომპანიას – Carlsberg-ისა და Molson Coors-ის ზოგიერთი ბრენდის ლიცენზია.
Galt&Taggart-ის შეფასებით, მომავალში საქართველოში ლუდის სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბრენდების ახალი ლიცენზიების მიღება და კრაფტ ლუდის გაყიდვების ზრდა.