ლიონელ მესი პსჟ-ს მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს, რადგან გუნდს ორი კვირით ჩამოაცილეს. ამ პერიოდის განმავლობაში ის ხელფასს ვერ მიიღებს.
კლუბმა ცნობილი ფეხბურთელი საუდის არაბეთში უნებართვოდ გამგზავრებისთვის დასაჯა. ამის გამო მესიმ გუნდის ვარჯიშიც გამოტოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ, მათ შორის მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ და საფეხბურთო მრჩეველმა ლუის კამპოსმა მიიღეს.
კვირას, 30 აპრილს, პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში სენსაციურად დამარცხდა ლორიანთან ანგარიშით – 1:3.
ამ თამაშის შემდეგ მესი საუდის არაბეთში გაემგზავრა, როგორც ქვეყნის ელჩი ტურიზმის საკითხებში, ისე, რომ პარიზელთა მთავარი მწვრთნელისა და კლუბის მრჩევლისგან ნებართვა არ მიუღია.
თუ მხარეებმა კონფლიქტი ვერ მოაგვარეს, შესაძლოა, მესიმ პარიზული კლუბი დატოვოს.
მის მიმართ საუდის არაბეთს სერიოზული ინტერესი აქვს.
საუდის არაბეთში მზად არიან ლიონელს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტი შესთავაზონ. არგენტინელის ყიდვა ალ-ჰილალს სურს, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს კლუბის – ალ-ნასრის მთავარი მეტოქეა.
ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.