ირაკლი კობახიძის თქმით, ლარის კურსის დასტაბილურებისთვის ეროვნულ ბანკს მცირე მოცულობის ინტერვენციები დასჭირდა. იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნის შესაჩერებლად, სებ-მა სავალუტო რეზერვები კიდევ გაყიდა. ბოლო პერიოდის ინტერვენციების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
„ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო ლარის კურსის სტაბილურობისთვის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმავდროულად კობახიძე ამბობს, რომ ლარის სტაბილურობის შენარჩუნება არსებითი ინტერვენციების გარეშე მოხერხდა.
მისი თქმით, ქვეყანაში „პოლიტიკური მდგომარეობა დასტაბილურდა“, რამაც ლარის სტაბილურობა განაპირობა.
“ამ ვითარებაში, ლარის კურსი გაუარესდა, იყო დევალვაცია, მაგრამ როგორც კი დასტაბილურდა სიტუაცია, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმა სტაბილურობა, იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს, ყველაფერი დასტაბილურდება. განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ გვაქვს“, – ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, ნოემბერში სავალუტო რეზერვები წლიურად 20%-ით, დაახლოებით $1 მილიარდით შემცირდა. 1.12.2024-ის მდგომარეობით კი წლიური კლება 19.5%-ია. რეზერვები სებ-მა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად გაყიდა.