ეროვნულმა ბანკმა მ/ო „ლაზიკა კაპიტალი“ ₾25 000 -ით დააჯარიმა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჯარიმა ზედამხედველისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდების 3 შემთხვევაზე დაეკისრა. თითოეულ დარღვევაზე სანქცია 2 000 ლარია და ჯამში 6 000-ს შეადგენს.
გარდა ამისა, აღმოჩენილია გარეშე კლიენტისათვის რისკის მინიჭების/გადაფასების პროცედურის დარღვევის 4 შემთხვევა და ჯამური სანქცია 12 000 ლარი გამოვიდა. ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში, არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ზომა. კერძოდ, “ლაზიკას” არ მიუღია გონივრული ზომა კლიენტების ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად და ამის გამო 3 000 ლარით დაჯარიმდა.
კიდევ ერთი, 2 000 ლარიანი ჯარიმაა დაკისრებული კლიენტის საქმიანობის არსის არასათანადოდ დადგენისთვის.
„ლაზიკა კაპიტალი“ მ/ო ბაზარზე, იმ რამდენიმე ორგანიზაციას შორისაა, რომელიც ბიზნეს სესხებს გასცემს და მისი საქმიანობა, მხოლოდ ლომბარდით არ შემოიფარგლება. ის იმ 3 მიკროსაფინანსოს შორის იყო, რომელსაც ბანკად ტრანსფორმირებაზე ჰქონდათ გაცხადებული, თუმცა, MBC-გან(ბანკად უკვე ჩამოყალიბდა) და “კრისტალისგან” (ლიცენზიას ელოდება) განსხვავებით არ ჩქარობს.
“ლაზიკა” მიკროდაკრედიტების ბაზარზე 60 მილიონი ლარის პორტფელით არის წარმოდგენილი.