კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ლუკოილი, ვისოლი, გალფი, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი და რომპეტროლი საწვავზე (ბენზინი, დიზელი) მაღალი ფასების გამო დააჯარიმა.
2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების გამო მათ ჯამში 4 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრათ.
სააგენტოს განცხადებით, დგინდება ეკონომიკურ აგენტთა ნების თანხვედრა ერთგვაროვანი საფასო პოლიტიკის განხორციელების კუთხით.
გარდა აღნიშნულისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დგინდება მოპასუხე ეკონომიკურ აგენტთა შორის გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში რეგულარული, არაერთჯერადი და მუდმივი ხასიათის კომუნიკაციის ფაქტები.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, მოკვლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყო.
ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევა, რომელსაც კონკურენციის სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარზე აწარმოებდა, 2022 წლის 16 აგვისტოს დასრულდა.
კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა,
კერძოდ:
-
შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);
-
წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა;
-
ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება;
-
გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში.