აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი არ დაუჭირა რესპუბლიკელების კანონპროექტს, რომელიც ისრაელის დახმარებას, უკრაინის გარეშე გულისხმობდა. ამის შესახებ Reuters წერს.
კანონპროექტის მიხედვით, ისრაელისთვის $17,6 მილიარდის გამოყოფა იყო გათვალისწინებული.
კანონპროექტი ჩავარდა დემოკრატი დეპუტატების წინააღმდეგობის გამო. ისინი ითხოვენ, რომ ისრაელის დახმარება შევიდეს უფრო ფართო პაკეტში, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას და აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას.
კონგრესში კენჭისყრის წინ, თეთრმა სახლმა გააკრიტიკა რესპუბლიკელთა ინიციატივა და დაემუქრა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კანონპროექტს ვეტოს დაადებდა. რესპუბლიკური პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტის ვეტოს მუქარას „ღალატის აქტი” უწოდა, განსაკუთრებით ისრაელის მიმართ.
5 თებერვალს აშშ-ის სენატმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი, $118,2 მილიარდის დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი. ამ თანხაში გათვალისწინებულია $20,2 მილიარდი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის გასაძლიერებლად, $14,1 მილიარდს ისრაელის დასახმარებლად და დაახლოებით $60 მილიარდს უკრაინისთვის.
ჯო ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ეს კანონპროექტი. თუმცა, წარმომადგენელთა პალატამ განაცხადა, რომ ამ ფორმით ინიციატივას არ დაამტკიცებენ. მაიკ ჯონსონმა კანონპროექტს „მკვდრადშობილი” უწოდა.
აშშ-ის კონგრესი 2023 წლის შემოდგომიდან ვერ თანხმდება ჯო ბაიდენის მიერ მოთხოვნილ $100 მილიარდიან სამხედრო დახმარების პაკეტზე, რომელიც უკრაინის, ისრაელის, ტაივანისის და აშშ-ის სამხრეთ საზღვრის გაძლიერებისთვის არის გათვალისწინებული. მთავარი საკითხი, რაზეც კონგრესმენები ჯერ ვერ შეთანხმდებიან, არის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოება, რაც აშშ-ის მიგრაციის პოლიტიკაში ცვლილებებს მოითხოვს.