კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა და მას რამდენიმე სპეციფიკური ვალდებულება დააკისრა.
კომისიის განცხადებით, ვალდებულებები ითვალისწინებს ინტერნეტბაზრის გახსნას და არსებული შეზღუდული კონკურენციის გამოსწორებას.
რა უნდა შეასრულოს კომპანიამ?
-
„მაგთიკომი“ ვალდებული იქნება საკუთარი ქსელი სხვა ოპერატორებს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მიაქირაოს და მისცეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი საინვესტიციო დანახარჯების გარეშე შემოვიდნენ ბაზარზე, ან თავიანთი მოქმედების არეალი გააფართოონ და დიდ ოპერატორებს მეტად ეფექტიანი კონკურენცია გაუწიონ.
-
გარდა დაშვების ვალდებულებისა, „მაგთიკომს“ სატარიფო რეგულირების ვალდებულება დაეკისრა, რომელიც ქსელზე დაშვების შემთხვევაში, ქირის ფასის ზედა ზღვრის დადგენას გულისხმობს. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიამ განსაზღვრა ქსელზე დაშვების მაქსიმალური ფასი, რაც “მაგთიკომს” არ მისცემს შესაძლებლობას, დაშვების მსურველ კომპანიას არასამართლიანი ფასი შესთავაზოს.
-
კომისიამ „მაგთიკომს“ ასევე გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები დაეკისრა. კერძოდ, „მაგთიკომმა” ქსელზე დაშვების მსურველ კომპანიებს, დაშვების პირობებთან დაკავშირებით წინასწარ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, არადისკრიმინაციულად მიუდგეს მათ და სამართლიანი პირობები შესთავაზოს.
-
„მაგთიკომს“ ასევე კომუნიკაციების კომისიისთვის დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის წარმოდგენა დაევალა, რათა კომისიამ განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი და არ დაუშვას, რომ კომპანიამ, რომელსაც მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო სერვისის შეთავაზება შეუძლია, ერთი პროდუქტის ფასი მეორის ხარჯზე შეამციროს (ჯვარედინი სუბსიდირება) და კონკურენტს ბაზრიდან გასვლა აიძულოს.
კომისიის ინფორმაციით, ფიქსირებულ ოპტიკურ ფართოზოლოვან ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 981-ში „მაგთიკომია“ წარმოდგენილი, რაც უკიდურესად არაკონკურენტული გარემოს ქმნის.
კომუნიკაციების კომისია ირწმუნება, რომ აღნიშნული ვალდებულებების ამოქმედება შექმნის კონკურენტულ გარემოს, რაც ქართველ აბონენტებს მრავალფეროვანი არჩევანითა და ხელსაყრელი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.