კომუნიკაციების ეროვნული კომისია აპირებს, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორად გამოცხადოს და მას რიგი ვალდებულებები დააკისროს.
კომუნიკაციების კომისია კვლავ ინტერნეტ ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე მიუთითებს და არგუმენტად ევროკავშირის ექსპერტების შეფასებას იშველიებს.
„ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან – 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ – ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ 45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი“ – წერია დასკვნაში, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიღეს.
კომისია კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ აღნიშნულ ბაზარზე არ არის კონკურენცია, რაც მომხმარებლებისთვის სერიოზული ზიანის მომტანია და ეს გარემოება მარეგულირებლის ჩარევისა და წინასწარი რეგულაციის გარეშე არ შეიცვლება.
კომისიის თქმით, მონაწილე ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია და ბაზარზე პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მისთვის სპეციფიკური ვალდებულებებიც განსაზღვრეს.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგები და გადაწყვეტილების პროექტი საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა.
იმ შემთხვევაში, თუ განხილვების დასრულების შემდეგ ComCom-ის წევრები ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას სრულად გაიზიარებენ, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორად გამოცხადდება და მას კვლევის დოკუმენტით გათვალისწინებული რიგი ვალდებულებები დაეკისრება.
კომპლექსური კვლევის ფარგლებში, დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან, კრიტიკულად არაკონკურენტული გარემო 981 დასახლებაშია, კონკურენტული გარემო კი მხოლოდ 9 დასახლებაში აღმოჩნდა.
„დიდ ოპერატორებს აქვთ რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ბაზარზე შესვლის მსურველ კომპანიას სჭირდება მნიშვნელოვნად დიდი ინვესტიცია, რათა უკვე არსებულ მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ბაზარზე შესვლის მსურველი ოპერატორებისთვის ბარიერს წარმოადგენს ისიც, რომ დიდი ოპერატორები აკეთებენ მასშტაბის ეკონომიას თავიანთი ქსელის ზომისა და სიმძლავრის ხარჯზე, რითაც იმცირებენ ხარჯებს”,– ნათქვამია ანგარიშში.
ასევე აღნიშნულია, რომ ოპერატორები, რომლებიც ერთზე მეტ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს – მაგალითად ინტერნეტსა და ტელევიზიას ერთად – აკეთებენ მრავალფეროვნების ეკონომიას და იმცირებენ ერთეულის საშუალო ღირებულებას. აღნიშნული ახალი მოთამაშისთვის ნაკლებად არის შესაძლებელი, რაც ბაზარზე უთანასწორო პირობებს ქმნის.
ამასთან ერთად, ევროპასთან შედარებით, საქართველოში ფინანსური დაკრედიტების ადგილობრივ ბაზრებს უფრო მაღალი კომერციული დაკრედიტების განაკვეთი აქვთ, რაც ახალი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. შესაბამისად, სამი კრიტერიუმის ტესტის შედეგად ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბაზარზე არსებული შემზღუდველი გარემოების გამოსწორების მიზნით, საჭიროა წინასწარი რეგულაციის დაწესება.
კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 18 ივლისს, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით უკუკავშირის წარმოდგენა 15 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.