საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ხელფასების ყველაზე მაღალი ზრდა ინფორმაციის და კომუნიკაციიების სექტორში(J) დაფიქსირდა. აღნიშნულ სექტორში ანაზღაურებამ გასულ წელს 27%-ით მოიმატა და საშუალო ხელფასი 3860 ლარამდეა.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 226.0 ლარით (15.9%) და 1 649.6 ლარს შეადგენს.
ხელფასების ზრდით მეორეა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები(K), სადაც ანაზღაურება საშუალოდ 17%-ზე მეტად გაიზარდა. მაღალი იყო ხელფასების ზრდა სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურებში(O-სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება) და ენერგეტიკის სექტორში (D- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება).
ხელფასებმა საგრძნობლად მოიმატა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების(M) სფეროში, რომელიც ანაზღაურების ოდენობით მესამე ადგილს იკავებს.
მაღალი იყო ზრდა მშენებლობის სექტორში (F)
2023 წელს ხელფასების კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით სფეროში(B -სამთომოპოვებით მრეწველობა და კარიერების დამუშავება). აღსანიშნავია, რომ ამ სექტორის გარდა, ყველა სფეროში ანაზღაურების ზრდა მოხდა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.
ყველაზე დაბალი ხელფასები ტრადიციულად კვლავაც განათლების სექტორშია(P- განათლება). ასევე, ტრადიციულად ხელფასების ოდენობით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა(A).
2023 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 420.3 ლარით (22.0 %) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. 2022 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.7%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 13.9%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 487.5 და 1 907.9 ლარი შეადგინა.