„მოგეხსენებათ, რომ შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.
კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. გამომდინარე აქედან, 2023 წლის 1 სექტემბრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით”, – წერია შპს „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
გაზის საფასური არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი თბილისში ისევ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.
რაც შეეხება კომპანიებისთვის გაზის ტარიფს რეგიონებში, სოკარ ჯორჯია გაზის ინფორმაციით, 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ის ჩათვლით.
ამ შემთხვევაშიც, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი რეგიონის მცხოვრებლებისთვის, რომელიც სემეკის მიერ არის დადგენილი.