2024 წლის იანვარში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 1.463 მილიარდი ლარით შემცირდა და 78.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
როგორც ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, კლება საბანკო კრედიტების 900 მილიონი ლარით შემცირებამ განაპირობა.
იანვრის ბოლოს საბანკო სესხების მოცულობამ 51.861 მილიარდი ლარი შეადგინა.
კრედიტების შემცირებასთან ერთად, დაახლოებით 620 მილიონი ლარით, 10.1 მილიარდ ლარამდე არის შემცირებული ბანკებში განთავსებული ფულადი სახსრების მოცულობაც.
ამ კლების მიუხედავად, ქართული ბანკების აქტივები წლიურად ზრდას აჩვენებს. 2023 წლის იანვართან შედარებით აქტივები 16%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში სულ 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს. მათგან 15 ბანკი აქტიურ საბანკო საქმიანობას ახორციელებს. სტატისტიკურ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს სს “ჰეშ“- სა და სს “პეივ ჯორჯია”-ს მონაცემები, რადგანაც ეს ციფრული ბანკები სატესტო რეჟიმში ოპერირებენ.
საბანკო სექტორის კაპიტალი 12.3 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.6%-ია.