საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო გრანტებს გამოყოფს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმ არასამთავრობოებს, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირდნენ. მისი თქმით, ამ დროისთვის რეესტრში 450-ზე ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება”,– თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია. ლოგიკურია, რომ გამჭვირვალობას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.