უკრაინის დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) უფროსის – კირილ ბუდანოვის მეუღლის სხეულში ვერცხლისწყალი და დარიშხანი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინტერვიუში თქვა ვალერი კონდრატიუკმა, რომელიც უკრაინის დაზვერვის სამსახურს 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა.
„მაქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ არის ცნობილი. მოწამვლა მძიმე ლითონებით მოხდა. ანალიზის დროს აღმოაჩინეს დარიშხანი და ვერცხლისწყალი. და გასაგებია, რომ ამ ნივთების სხეულიდან გამოდევნას გარკვეული დრო სჭირდება”, – აღნიშნა კონდრატიუკმა.
რადიო თავისუფლების უკრაინულ ბიუროსთან საუბარში მან განმარტა, რომ ეს ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან ყოფილი კოლეგებისგან მიიღო.
კონდრატიუკმა ასევე თქვა, რომ მოწამვლის სიმპტომები აქვთ მთავარი დაზვერვის სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელსაც. მისი თქმით, საუბარია მაღალჩინოსნებზე – „ცალკეული მიმართულებების ხელმძღვანელებზე, რომლებიც რუსეთში ოპერაციებზე არიან პასუხისმგებელნი“.
29 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიანა ბუდანოვას მძიმე ლითონით მოწამვლა დაუდგინეს. მის სხეულში აღმოჩენილი ნივთიერებები „არ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში ან სამხედრო საქმეებში“.
მედიის ცნობით, მარიანა ბუდანოვა ამჟამად საავადმყოფოშია, სადაც მკურნალობის კურსს გადის.