რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ფხენიანში იარაღის გამოფენააზე მიიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის რადიოსადგურმა Voice of Korea-მ გაავრცელა.
გამოფენაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა და რუსმა მინისტრმა „თანამედროვე იარაღი“ დაათვალიერეს.
როგორც Reuters წერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩანს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების ფონზე, რომელიც აკრძალულია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით.
გარდა ამისა, ფოტოებზე ჩანს ახალი დრონები, რომლებიც ამერიკულ RQ-4 Global Hawk-ს და MQ-9 Reaper-ს წააგავს.
რუსმა მინისტრმა ჩრდილოეთ კორეის არმიას „მსოფლიოში ყველაზე ძლიერი” უწოდა.
ამერიკული კარნეგის ფონდის ანალიტიკოსმა ანკიტ პანდამ Reuters-თან აღნიშნა, რომ ადრე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ცდილობდა, არ ეჩვენებინა თავისი ბირთვული პოტენციალი რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციებისთვის, რომლებიც მათთან ჩადიოდნენ.
მისი აზრით, ამჯერად შოიგუს მიერ რაკეტების დათვალიერება, ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ პროგრამასთან რუსეთის თანამშრომლობაზე მიუთითებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეაში 25 ივლისს ჩავიდა. მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან განიხილა „გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები”.
ამერიკული მედია, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ცნობებზე დაყრდნობით, არაერთხელ წერდა, რომ მოსკოვი ფხენიანისგან საბრძოლო მასალას ყიდულობს. ჩრდილოეთ კორეამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო.