კახეთში ალოობა დაიწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თენგიზ ნასარიძის თქმით, სახელმწიფო კომპანიის 30 კომბაინი უკვე მობილიზებულია და საჭიროებისთანავე პროცესში ჩაერთვება.
„ხორბლის მოსავლის აღების დაწყებისთანავე ამოქმედდა სამინისტროში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე პროცესების კოორდინირებაში. სამინისტრო და კერძო სექტორი მზად არის ფერმერებს მოსავლის ამღები ტექნიკით დაეხმაროს… წელს საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით; საჰექტარო მოსავლიანობის და ხარისხის მიმართულებით პოზიტიური სურათია“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
როგორია ხორბლის წარმოება და მოსავლიანობა
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 147 ათას ტონა ხორბალი მოვიდა. მოსავალი წინა წელთან შედარებით შემცირებული იყო. 2022 წელს ხორბლის წარმოებამ 156.8 ათასს მიაღწია.
დაბალია ხორბლის საშუალო მოსავლიანობა და გასულ წელს ის კიდევ უფრრო შემცირდა. საშუალო მოსავლიანობამ ერთ ჰექტარზე 2,6 ტონა შეადგინა, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი წინა წელს 2,9 ტონა იყო. ამ დროს ხორბლის მოსავლიანობის გლობალური მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება და 2023 წლისთვის 3,7 ტონას შეადგენს.
ხორბლის მოსავლიანობის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი იწვევს. მათ შორის არის კლიმატური პირობები, სიცხეები და უხარისხო სათესლე მასალა. ნათესებს აზიანებს მავნებლებიც.
მოსახლეობის ხორბლით თვითუზრუნველყოფის ოფიციალური მაჩვენებელი 22%-ს შეადგენს და ბოლო სამი წლის განმავლობაში ის უცვლელია.
გაეცანით, როგორია ხორბლის წარმოება და მოსავლიანობა ქვეყნის რეგიონების მიხედვით:
2023 წლის ბოლოსთვის ხორბლის ნათესები სულ 56.6 ათას ჰექტარზე იყო განთავსებული, რაც მცირედით გაზრდილი იყო 2022 წელთან შედარებით, როცა ხორბლის ნათესებს 55.3 ათას ჰექტარი ეკავა.
ფქვილის იმპორტის გადასახადის შედეგი
წინა სეზონზე მეხორბლე ფერმერებს, მარცვლეულზე დაბალი ფასის გამო, რეალიზაციის პრობლემა ჰქონდათ. მათ რამდენიმე საპროტესტო აქციაც გამართეს. ფერმერები ქვეყანაში იაფი ფქვილის შემოტანას აპროტესტებდნენ, რაც ფასის ვარდნას განაპირობებდა და მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ. აქციებმა შედეგი გამოიღო და ფქვილის რუსეთიდან შემოტანა დაიბეგრა.
ამჟამად, მოქმედებს გადასახადი ფქვილზე (250 ლარი), ქერზე (100 ლარი) და ქატოზე (100 ლარი). აღნიშნული საგადასახადო რეჟიმის ამოწმედების შედეგად, საქართველოში რუსეთიდან ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხორბლის კი – გაიზარდა.
ფქვილის იმპორტზე გადასახადის შემოღების პირობებში, ფერმერებმა მოახერხეს მოსავლის რეალიზაცია. მუშაობდნენ ქვეყანაში არსებული წისქვილებიც.
როგორც ცნობილია, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი სექტემბრამდე მოქმედებს. მეხორბლე ფერმერები მისი გაგრძელების საჭიროებაზე საუბრობენ.