კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური „მაგთიკომის“ მიერ მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ კომპანია უსუსურ კამპანიას ეწევა.
კახა ბექაურის შეფასებით, კომპანია „მაგთიკომი“ ვერ ეგუება ComCom-ის მიერ ტელეკომ ბაზრის გახსნას, რაც ბაზარზე კონკურენციის ზრდას გამოიწვევს.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, კომპანია ამ ბრალდებებით ბაზარზე არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს.
კახა ბექაური კომპანიის გაღიზიანებას უკავშირებს მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებებზე ფასების კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართველი აბონენტები, ევროპელებისგან განსხვავებით, ფიქსირებულ მაღალსიჩქარიან ინტერნეტში 136%-ით ძვირს იხდიან, ხოლო მაღალი მოცულობის მობილურ მომსახურებებში – 36%-ით ძვირს”.
მისივე განცხადებით, კომისია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და ფასების დარეგულირების მიზნით, „მაგთიკომისთვის“ დამატებითი რეგულაციების შემოღებას გეგმავს, რაც მას ახალი ვალდებულებებს დააკისრებს.
„შესაბამისად, კომპანია ცდილობს კომისიის საქმიანობაში უხეშად ჩაერიოს და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს”, – აღნიშნავს ბექაური.
მან „მაგთიკომის“ სამ ძირითად ბრალდებას ასე უპასუხა:
„1 – კომპანია „ორ ნაბიჯში“ ჩემ მიერ წილის ფლობა, სრულ შესაბამისობაშია კანონთან, კერძოდ, კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის/შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს სპეციალური კანონმდებლობა, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები, ხოლო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი კომისიის წევრის მიმართ გამოიყენება მხოლოდ იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც სპეციალური კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული. მოქმედი კანონმდებლობით კი კომისიის წევრის ეკონომიკური აქტივობები (იქნება ეს წილის ფლობა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი შემოსავალი ან სხვა ეკონომიკური ინტერესი) იკრძალება მხოლოდ კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი სუბიექტების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ „ორი ნაბიჯი“ არ წარმოადგენს კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ კომპანიას. შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიაში წილების ფლობა და მართვა არ წარმოადგენს კომისიის წევრისათვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევას. ამ თემის შესწავლა წინა წლებში მოხდა და კანონთან თავსებადობის კუთხით არცერთ შესაბამის უწყებას კითხვა არ დარჩენია.
2 – რიგით მეორე ბრალდება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან „სხვა არხი“, არ წარმოადგენს კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ იურიდიულ პირს, აღნიშნულის გადამოწმება „მაგთიკომს“ კომისიის უწყებრივი რეესტრით შეეძლო, რომელიც კომისიის ვებგვერდზე საჯარო და ხელმისაწვდომია ყველასთვის, ამიტომაც, კანონის შესაბამისად, არც აღნიშნულ კომპანიაში წილის ფლობა ან სხვა საქმიანობა არ ეკრძალება კომისიის წევრს.
3 – რაც შეეხება მედიააკადემიას, ის კომუნიკაციების კომისიის გამჭვირვალობის სტანდარტით საქმიანობს და ყველა კითხვაზე რამდენჯერმე გვაქვს საჯაროდ გაცემული პასუხი. მათ შორის, ჩემი მეუღლის მედიააკადემიის ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის შესახებ. „მასტერკლასი“ წარმოადგენს საგანმანათლებლო ხასიათის პროექტს, რომელშიც ეკა ბერიძემ თავისი მრავალწლიანი ჟურნალისტური ცოდნა და გამოცდილება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უსასყიდლოდ გაუზიარა დამწყებ და მოქმედ ჟურნალისტებს. ამასთან დაკავშირებით, არაერთხელ გაგვიცია საჯაროდ ინფორმაციაც და აღნიშნულის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მარტივად შეუძლია ჩემი მეუღლის დეკლარაციაში, სადაც არანაირი შემოსავალი მედიააკადემიიდან მას არ უფიქსირდება.
ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ აბსურდული ბრალდებებით ვერც „მაგთიკომი“ და ვერც ერთი ავტორიზებული პირი ვერ მოახდენს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასა და გადაწყვეტილებებზე გავლენას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ევროპული სტანდარტები დავნერგოთ და ჩვენს ქვეყანაში ტელეკომ ბაზარი კონკურენტული და მომხმარებელზე ორიენტირებული იყოს.“ – ნათქვამია კახა ბექაურის განცხადებაში.
ცნობისთვის, კომპანია „მაგთიკომმა“ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა და კახა ბექაურის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდა.