უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 204 რუსმა სპორტსმენმა შეიცვალა ან აპირებს შეცვალოს მოქალაქეობა სპორტული კარიერის გასაგრძელებლად. ამის შესახებ რუსული მედია სპორტული ფედერაციების რეესტრებზე დაყრდნობით წერს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, 2022-2023 წლებში რუსეთის მოქალაქეობა უმეტესად მოჭადრაკეებმა დათმეს – სულ 141-მა სპორტსმენმა.
11- 11 რუსი სპორტსმენი გამოაკლდა ფიგურულ სრიალს და საცხენოსნო სპორტს, ხუთი სპორტსმენი – რიტმულ ტანვარჯიშსა და ჩოგბურთს, 4-4 სპორტსმენი – მოტოსპორტსა და ფეხბურთს. რუსეთი კიდევ 16-მა ადამიანმა დატოვა სპორტის სხვა სახეობებში.
ჟურნალისტების თქმით, სპორტსმენების უმეტესობა ისრაელმა მიიღო – ახლა მისი დროშის ქვეშ 25 რუსი ასპარეზობს. სერბეთმა მიიღო 19 სპორტსმენი, გერმანიამ – 13, საფრანგეთმა – 12.
მედია მიანიშნებს, რომ რუსი სპორტსმენების რეალური რაოდენობა, შეიძლება, ბევრად მეტი იყოს, ვინაიდან მათ შორის ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენია.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუს და ბელორუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებების უმეტესობაში მონაწილეობა აეკრძალათ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეკომენდაციით, შეჯიბრებებზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენები იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ ისინი არ უჭერენ მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
გარდა ამისა, ამ სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ და ეროვნული ჰიმნის გარეშე შეუძლიათ.