ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.
„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და პასუხად ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“, – წერს მიშელი პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე.
„ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო: უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისადმი, მისი გაწევრიანების ტრაექტორიას და საქართველოს არათუ დაუახლოებს, არამედ დააშორებს ევროკავშირს“, – წერს შარლ მიშელი.
საქართველოს მთავრობას კანონის უკან გაწვევას ურჩევს ყველა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რუსულ კანონს” პირველი მოსმენით განიხილავდნენ.
სხდომა 17 აპრილს გაგრძელდება.
კანონპროექტის განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს წინ მეორე დღეა ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს.