თბილისის მერი კახა კალაძე აპირებს, სამშენებლო სექტორისთვის გამონაკლისი დაუშვას და დიდი გაბარიტის მანქანებს დედაქალაქში თავისუფლად მოძრაობის უფლება მისცეს.
გუშინ, 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამუშაო დღეებში 8:00-დან 11:00-მდე და 17:00-დან 20:00-მდე დიდგაბარიტიანი, M3, N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას კრძალავს.
დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შეზღუდვა სამშენებლო ბიზნესს დააზარალებს, რისი დაშვებაც არ შეიძლება.
„ეს შეზღუდვა სიახლე იქნება და ამას გარკვეული სირთულეები შეიძლება მოჰყვეს. ბევრი შეხვედრა გვქონდა ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და მათთან ერთად ყველაფერი დეტალურად გავიარეთ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი, რაზეც გავლენას მოახდენს ეს რეგულაცია, არის სამშენებლო სექტორი. ძალიან კარგად გვესმის, რამდენად დიდია დღეს სამშენებლო სექტორის როლი საქართველოს ეკონომიკაში. ამიტომ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეფერხება, რაც დააზიანებს ბიზნესს და მოსახლეობას. ამიტომ მინდა, ვიცე-მერს დავავალო, დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, საკრებულოს ჩართულობით დეტალურად განიხილეთ და რაც შეიძლება მალე მიიღეთ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მანქანების გადაადგილებაზე შეღავათს სადისტრიბუციო კომპანიებიც ითხოვენ, მაგრამ მათ თბილისის მერია უარს ეუბნება.
კანონში ცვლილება 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა 1 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებითი და ყოველი მომდევნო დარღვევა 3 000 ლარის ჯარიმით განისაზღვრება.