კაკაოს მარცვლის ფასმა კიდევ მოიმატა და რეკორდულ დონეს მიაღწია. ნიუ-იორკის ბირჟაზე ტონა კაკაოს ფასმა $5,874 შეადგინა.
შოკოლადის ძირითადი ინგრედიენტის ღირებულება გასული წლის დასაწყისიდან გაორმაგებულია.
შოკოლადის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Hershey არ გამორიცხავს, რომ პროდუქციის საცალო ფასები გაზარდოს.
კომპანიის გაყიდვები გასული წლის ბოლო სამ თვეში 6.6%-ით დაეცა, რადგან მომხმარებლები, საკონდიტრო ნაწარმს, გაძვირების გამო ნაკლებად იძენენ.
პროდუქციაზე ფასის ზრდას არ გამორიცხავს კიდევ ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Mondelez.
კაკაოს გაძვირება დასავლეთ აფრიკაში არსებულმა ცუდმა მოსავალმა განაპირობა.
მშრალი ამინდებია განასა და კოტ–დ‘ივუარში, რომლებიც კაკაოს მარცვლების ორი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
მაღალმა ტემპერატურამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს მიმდინარე წლის მოსავალზეც.