იუანის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 16 წლის მინიმუმამდე დაეცა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 7,3276 იუანი შეადგინა.
იუანის არასტაბილურ კურს განაპირობებს ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მონაცემები, ასევე უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კრიზისი.
2023 წლის დასაწყისიდან ჩინეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის 6%-ით დაეცა.
ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა ჩინეთის ექსპორტისა და იმპორტის შემცირება აჩვენა. ექსპორტის მოცულობა აგვისტოში წლიურად 8,8%-ით შემცირდა, იმპორტი – 7,3%-ით.
ასევე შემცირებულია ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი. მან გასულ თვეში $68,36 მილიარდამდე დაიკლო (2022 წლის აგვისტოში $78,65 მილიარდი იყო, ხოლო მიმდინარე წლის ივლისში $80,6 მილიარდს შეადგენდა).
მსოფლიოში ყველაზე მოცულობითი ჩინეთის სავალუტო რეზერვები აგვისტოში $3,16 ტრილიონამდე შემცირდა ერთი თვის წინანდელი $3,204 ტრილიონიდან.