იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, ავიაკომპანიებს შიდა ფრენებზე ფასების გაზრდა აუკრძალოს საშუალო ფასის 200%-ზე მეტით. თუმცა, გაურკვეველია, „საშუალო ფასად“ რამდენია მიჩნეული.
მთავრობამ გადაწყვეტილება დაბალბიუჯეტიანი ავიაბილეთების ფასების მკვეთრი გაძვირებით ახსნა.
მთავრობის ამ ნაბიჯმა ავიაკომპანიების აღშფოთება გამოიწვია. Ryanair-მა მას „არალეგალური“ უწოდა.
„ეს სასაცილოა, ეს უკანონოა, ეს არის თავისუფალ ბაზარზე ჩარევა, და ის უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა Ryanair-ის ხელმძღვანელობამ.
კომპანია აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ეკონომიკური თვალსაზრისით „ალოგიკურია” და აიძულებს მათ, შეამცირონ მარშრუტები იტალიაში და ახალ მიმართულებებზე გადაინაცვლონ.
როგორც ცნობილია, იტალიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ კომერციულ ბანკებს გადასახადი დაუწესა მაღალ მოგებაზე, რამაც საერთაშორისო დამკვირვებელთა შორის დიდი დაბნეულობა გამოიწვია.
იტალიის მთავრობის დადგენილება იტალიის პარლამენტს გადაეგზავნება, რომელსაც მასში შესწორების შესატანად ორი თვე აქვს.