იტალია და რუსეთი მუშაობენ გადახდის სისტემაზე, რომლითაც გადარიცხვებს სანქციების გვერდის ავლით განახორციელებენ.
ახალი სისტემა საშუალებას მისცემს რუს მყიდველებს, იტალიელებს გადაუხადონ რუბლით, რომლებიც შემდეგ იტალიაში მესამე ქვეყნის [საბანკო] არხების გავლით გადაირიცხება.
ამის შესახებ იტალია-რუსეთის სავაჭრო პალატამ (IRCC) განაცხადა.
ეს საშუალება მისცემს იტალიურ კომპანიებს, თავიანთი საქონელი რუს მომხმარებლებზე გაყიდონ.
სავაჭრო პალატამ დააზუსტა, რომ რუსებს იმ საქონელს მიჰყიდიან, რომლებსაც სანქციები არ ეხებათ.
სავაჭრო პალატამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მცირდება, რაც პრობლემაა, რადგან იტალიიდან რუსეთში ექსპორტის თითქმის ნახევარი სანქციების ქვეშ მოექცა.
„იტალიიდან რუსეთში ექსპორტის 51% სანქციების ქვეშაა, მაგრამ ასევე არის საქონლის 49% – ღვინო, ფეხსაცმელი, იტალიური მოდის სახლის პროდუქცია, რომელიც არ არის აკრძალული. რამდენიმე იტალიურ ფირმას რუსეთის ბაზარზე სურს დარჩენა, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, დიდი ალბათობით, ისინი რუსეთს საბოლოოდ დატოვებენ“, – აღნიშნავს სავაჭრო პალატა.