იტალიაში მაკარონი გაძვირდა. რამდენიმე დღის წინ იტალიის მომხმარებელთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წლის ივნისიდან დღემდე, ანუ ორ წელზე ცოტა ნაკლებ დროში, კილოგრამი მაკარონის ფასი გაიზარდა 37%-ით, ხოლო წელიწადში – 17,5%-ით, რაც ინფლაციის მაჩვენებელზე ბევრად მაღალია.
იტალიის მრეწველობის მინისტრმა ადოლფო ურსომ მაკარონის ფასების მკვეთრი ზრდის გამო 11 მაისს სწრაფი რეაგირების კომისიის სხდომა მოიწვია. ამის შესახებ La Stampa წერს.
მაკარონზე ფასი იზარდება იმ დროს, როცა ხორბალი იაფდება. ფერმერები 2022 წელს ხორბალს 30%-ით დაბალ ფასში ჰყიდდნენ, იმავე პერიოდში, მაკარონის ფასი 18%-ით გაიზარდა.
მაკარონის ფასების მონიტორინგი შესაბამისი სამინისტროების, სავაჭრო და მომხმარებელთა ასოციაციებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ ჩაატარა.
„ინფლაციის ზრდა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, უფრო დიდ გავლენას ახდენს საკვებზე, რომელსაც ხშირად იყენებენ. მაკარონი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია”, – ამბობს იტალიის მრეწველობის მინისტრის მოადგილე მასიმო ბიტონჩი.
იტალიის დამოუკიდებელ ფერმერთა გაერთიანებამ შექმნილ ვითარებას „ანომალია” უწოდა.