ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი ღაზაში მოკლეს.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ განხორციელებული ოპერაციის შედეგად ჰამასის სამი ტერორისტი მოკლეს. მოგვიანებით, დადასტურდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სინვარი იყო.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა, მსოფლიო საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ გზავნილში, გამოთქვა რწმენა, რომ სინვარის მკვლელობა “შექმნის შესაძლებლობას” ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისა და “ღაზას განთავისუფლებისთვის ჰამასის და ირანის კონტროლისგან”.
სინვარი ითვლება 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის მთავარ ორგანიზატორად და იდეოლოგად.
სინვარი ღაზას სექტორში ჰამასის ფილიალს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. 2024 წლის აგვისტოდან ის ასევე იყო ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელი – ეს პოსტი მან თეირანში ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიკავა.
იაჰია იბრაჰიმ ჰასან სინვარმა 20 წელზე მეტი გაატარა ისრაელის ციხეებში. ის 2007 წელს გაათავისუფლეს სხვა 1027 პალესტინელთან ერთად, გატაცებული ისრაელელი ჯარისკაცის სანაცვლოდ. გათავისუფლების შემდეგ, სინვარი ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ის ცნობილი იყო თავისი სისასტიკით და მკაცრად უსწორდებოდა პალესტინელ ინფორმატორებს, რომლებიც ისრაელთან თანამშრომლობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.