ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საომარი სიტუაციის გამო, ისრაელის ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა.
ჰამასის თავდასხმის შემდეგ, 8 ოქტომბერს შეკელი აშშ დოლართან მიმართებაში 3%-ზე მეტით დაეცა და 3,9581 ნიშნულზე ჩამოვიდა.
დღეს დილით 1 აშშ დოლარის ფასი 3,8966 შეკელი იყო.
ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ $30 მილიარდის სავალუტო რეზერვს და ოქროს გაყიდის, რათა შეკელის კურსი დასტაბილურდეს.
ამასთან, ცენტრალური ბანკი $15 მილიარდამდე ღირებულების სვოპებით ბაზრის ლიკვიდურობას უზრუნველყოფს.
ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
ისრაელის თავდაცვის ძალები, ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, ბომბავს ღაზაში მდებარე საცხოვრებელ სახლებს, გვირაბებს, მეჩეთებს და ჰამასის ოფიციალური პირების სახლებს.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700 ადამიანს გადააჭარბა. გარდაცვლილთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და ათობით პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა 2,2 ათასზე მეტი ადამიანი. ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიაზე მინიმუმ ასი მძევალი აიყვანეს და ღაზაში წაიყვანეს.