ეკონომისტები ისრაელის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებენ ღაზაში საომარი ოპერაციის გაგრძელების გამო.
ისრაელის სტატისტიკის ბიუროს მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ, რომელშიც 1680 კომპანია მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ისრაელის კომპანიების დაახლოებით 50% შემოსავლების მნიშვნელოვან ვარდნას განიცდის საომარი მოქმედებების გამო.
სამშენებლო და სურსათის მომსახურების სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. ამ სფეროში გამოკითხული კომპანიების 70%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ შემოსავალი 70%-ზე მეტით შემცირდა.
განსაკუთრებით დაზარალდა მცირე ბიზნესი. ისრაელში სამუშაო ძალის დეფიციტი შეიქმნა, რადგან ასობით ათასი მოქალაქე გამოიძახეს სარეზერვო სამხედრო სამსახურში. კომპანიების დაახლოებით 11%-მა განაცხადა, რომ მათი მუშახელის 21% ომში გაიწვიეს.
შრომის ბაზარი 764 ათასი დასაქმებულის გარეშე
764,000 თანამშრომელი ამ დროისთვის არ არის სამუშაო ადგილზე, რაც დიდ ტვირთად აწვება ომის ეკონომიკას.
აქედან 300,000 რეზერვისტია, მათ აქვთ დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, ახალგაზრდა ასაკის გამო.
მეორე ჯგუფში ღაზას სასაზღვრო რეგიონის და ლიბანის საზღვრის მახლობლად მცხოვრებლები შედიან, რომლებიც ევაკუირებულნი არიან თავიანთი სახლებიდან და არ შეუძლიათ მუშაობა. ასეთი დაახლოებით 127,000 თანამშრომელია.
მესამე ჯგუფში შედიან 10 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები, რომლებიც იძულებულები არიან, შეამცირონ სამუშაო საათები ან საერთოდ უარი თქვან სამსახურზე – დაახლოებით 183,000 თანამშრომელი.
მეოთხე ჯგუფში შედიან პირები, რომლებიც მუშაობენ ომში დაზარალებულ ინდუსტრიებში, როგორიც არის ტურიზმი, გართობა, საცალო ვაჭრობა და მშენებლობა – დაახლოებით 319,000 თანამშრომელი.
სამშენებლო სექტორი დიდწილად იყო დამოკიდებული პალესტინელთა შრომაზე. სამუშაოები რამდენიმე სამშენებლო ობიექტზე შეჩერდა და სამუშაოების განახლება ნელა მიმდინარეობს.
დაიხურა ბევრი ბარი და რესტორანი და გაუქმდა ასობით ავიარეისი.