კატარის ბანკებში $6 მილიარდი გადაირიცხა აშშ-ის და ირანის პატიმრების გათავისუფლებისთვის.
სამხრეთ კორეის საბანკო ანგარიშებზე გაყინული თანხების ირანისთვის გადაცემა აუცილებელი პირობა იყო თეირანის ციხეში მყოფი ხუთი ამერიკელისა და აშშ-ში დაკავებული ხუთი ირანელის გაცვლისთვის.
გაყინული $6 მილიარდი, აშშ-სა და ირანს შორის პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, კატარის ორი ბანკის ანგარიშებზე გადაირიცხა. თანხის გადარიცხვის დადასტურებისთანავე, თვითმფრინავი ხუთ ამერიკელთან ერთად თეირანიდან კატარის დედაქალაქ დოჰაში გაფრინდა, საიდანაც ისინი აშშ-ში გადაიყვანეს.
კატარი შუამავლის როლს ასრულებდა ვაშინგტონსა და თეირანს შორის, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ.
ამერიკის ხუთივე მოქალაქე ირანის ციხეში იმყოფებოდა. მათ როგორც ირანის, ასევე აშშ-ის მოქალაქეობა აქვთ.
პოლიტპატიმრებს შორის ორი ბიზნესმენია – სიანიკ ნამაზი და ემად შარქი, ასევე 67 წლის გარემოსდამცველი მორად ტაჰბაზი. ისინი ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ პატიმრობაში. კიდევ ორი პატიმრის ვინაობა არ სახელდება.
სანაცვლოდ, შეერთებული შტატები გაათავისუფლებს ქვეყანაში დაკავებულ ხუთ ირანელს. ისინი ეჭვმიტანილები იყვნენ სანქციების დარღვევასა და ირანის ხელისუფლებისთვის მუშაობაში. სამმა მათგანმა გადაწყვიტა, გათავისუფლების შემდეგ ირანში არ დაბრუნებულიყო.
$6 მილიარდი ირანმა ნავთობის გაყიდვიდან მიიღო, მაგრამ ის სამხრეთ კორეაში საბანკო ანგარიშებზე გაყინეს.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანს ამ თანხების გამოყენება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის შეუძლია და თითოეულ ტრანზაქციას მონიტორინგს აშშ-ის ხაზინა გაუწევს
ირანი აპირებს, უჩივლოს სამხრეთ კორეას ამ თანხებზე წვდომის შეზღუდვის გამო და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, რაც მათი ღირებულების შემცირების გამო მიადგა.
როგორც ამერიკული მედია წერს, თეირანი ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანებს (ირანის და სხვა ქვეყნის) და უცხოელებს ყალბი ბრალდებებით აპატიმრებს. შემდეგ კი, მათ ევროპაში ან შეერთებულ შტატებში მყოფ ირანელებზე გასაცვლელად ან თანხის მისაღებად იყენებს.
ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ირანი, რომ სანქციები დაუწესდება ირანის ყოფილ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადის და ირანის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამინისტროს, FBI-ის ყოფილი აგენტის – რობერტ ლევინსონის ირანში გაუჩინარების გამო. ლევინსონი 2007 წლის მარტში გაუჩინარდა.