ბოლო ერთი წელია ირანი აქტიურად საუბრობს რეგიონში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე.
თავისუფალი სავაჭრო ზონა ირანს, რუსეთს, სომხეთს, ბელორუსიას, ყაზახეთსა და ყირგიზეთს გააერთიანებს. ის ითვალისწინებს ექვს ქვეყანას შორის სარკინიგზო, საგზაო და საზღვაო სატრანსპორტო დერეფნების შექმნას ვაჭრობის გამარტივების მიზნით.
ირანის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ალირეზა პეიმან–პაკმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ირანსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (EAEU) შორის მალე გაფორმდება.
აშკარაა, რომ ირანი ზრდის რეგიონში საკუთარ სტატუსს. 2021 წლის ნოემბრის ბოლოს პეიმან–პაკმა თქვა, რომ ირანსა და EAEU-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს $5 მილიარდს მიაღწია, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით ($2,3 მილიარდი), დაახლოებით 55%-იანი ზრდაა.
ირანი ირწმუნება, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ყოველწლიურად 60 მილიონი ტონა საქონლის ტრანზიტი შეუძლია, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას გლობალურ ვაჭრობაში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის – მაჰდი საფარის თქმით, თუ ირანი გახდება სატრანზიტო ქვეყანა, ეს მას $60 მილიარდის წლიურ შემოსავალს მისცემს, რაც აღემატება ნავთობის გაყიდვიდან ქვეყნის მიერ მიღებულ შემოსავალს.
ირანი აქტიურად არის ჩართული მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო მოლაპარაკებებში.
ქვეყანა აქტიურად ახორციელებს სარკინიგზო, საგზაო და საზღვაო ქსელების განვითარებას. ეს გააადვილებს სავაჭრო ოპერაციებს და ქვეყანას რეგიონის სატრანზიტო კვანძად აქცევს.