პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს, დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას ავალებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, გერმანიის მიმართულებით ძალიან დიდი მოთხოვნაა, რამაც ავიაბილეთებზე ფასი გაზარდა. ამიტომ გულშემატკივრებისთვის ბილეთების დაბალი ტარიფით შეთავაზება არის საჭირო.
„მე მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული, დაბალი ტარიფით შეთავაზებული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის დასწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. მე დარწმუნებული ვარ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.