რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო საქართველოსთან ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს.
„ინფორმაცია საჯარო არ არის”, – განაცხადეს უწყებაში.
ის, რომ საქართველო და რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენის ზღვარზე არიან, 22 მარტს რუსეთის დუმის დეპუტატმა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
„მე ვესაუბრე უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, არის საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ“, – განაცხადა მან.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ივლისში შეწყვიტა. თბილისში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტრული პარტიის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას მოჰყვა.
რუსულმა მხარემ გადაწყვეტილებას დროებითი უწოდა და არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ თვითმფრინავები მალე კვლავ დაიწყებენ ფრენას რუსეთიდან საქართველოში და უკან.