საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 31 იანვარს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5%-ით, 9%-მდე შეამცირა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება ინფლაციის შემცირების ფონზე მიიღო, რასაც ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა.
პოლიტიკის განაკვეთის შემცირების მიუხედავად, სებ-ის მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია, რადგან კვლავაც არსებობს ინფლაციური რისკები.
საგარეო რისკი უკავშირდება ტრანსპორტირების ხარჯის მნიშვნელოვნად ზრდას, რაც გამწვავებულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა.
რისკები ქვეყნის შიგნით
საგარეო რისკებთან ერთად, არსებობს ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც.
სებ-ი არ გამორიცხავს, რომ ინფლაციაზე გავლენა მოახდინოს ერთობლივი მოთხოვნის ზრდამ. ინფლაცია მოიმატებს, თუკი მოთხოვნა ეკონომიკის საწარმოო პოტენციალზე სწრაფად გაიზრდება. ეს უკანასკნელი კი, შესაძლოა, საკრედიტო აქტივობის დაჩქარებამ განაპირობოს.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ რისკების გათვალისწინებით, პოლიტიკის განაკვეთის შემცირების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. ხოლო თუ არსებული რისკები ინფლაციას გაზრდის, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს ან არსებული განაკვეთი ხანგრძლივად შეინარჩუნოს.