ინდოეთს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს. ინდოეთში სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 2023 წლის ბოლო სამ თვეში, წინა წელთან შედარებით, 8,4%-ით გაიზარდა.
ზრდა განაპირობა ძლიერმა კერძო მოხმარებამ და დადებითმა ტენდენციებმა დამამუშავებელ და სამშენებლო სექტორებში.
მთლიანად 2023 წელს ქვეყნის მშპ 7.7%-ით გაიზარდა. ბიზნეს აქტივობის ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წელი ქვეყნის ეკონომიკამ ასეთივე მაღალი ტემპით დაიწყო.
უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიის Knight Frank-ის პროგნოზით, ულტრა მდიდარი ინდიელების რიცხვი, ვისი ქონება მინიმუმ $30 მილიონია, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზრდება, რაც გლობალურად ყველაზე დიდი ზრდა იქნება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ელოდება, რომ 2024 წელს ინდოეთის ეკონომიკა 6,5%-ით გაიზრდება, უფრო მეტად, ვიდრე ჩინეთის, სადაც 4,6%-იან ზრდას ვარაუდობენ.
Jefferies-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყანა 2027 წლისთვის ახლანდელი მეხუთე ადგილიდან მესამე პოზიციაზე დაწინაურდება.
ინდოეთს ბევრი ქვეყანა და კომპანია ჩინეთის ალტერნატივად განიხილავს. მსოფლიოს უდიდესი ბრენდები ცდილობენ თავიანთი წარმოების დივერსიფიკაციას, განსაკუთრებით ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ და სამუშაო ადგილად ინდოეთს ირჩევენ.
ინდოეთის მთავრობა აქტიურად იწვევს მსხვილ კომპანიებს ქვეყანაში ქარხნების ასაშენებლად. თავად კი მილიარდებს ხარჯავს გზების, პორტების, აეროპორტებისა და რკინიგზის განახლებაზე.
Apple-ის მიმწოდებელი Foxconn, უკვე აფართოებენ თავიანთ წარმოებას ინდოეთში.
ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია Tesla ინდოეთში ინვესტირებას „რაც შეიძლება მალე” დაიწყებს.
ინდოეთის მთავრობამ ხუთშაბათს დაამტკიცა $15 მილიარდის ინვესტიცია ჩიპების მწარმოებელი სამი ქარხნის მშენებლობაში, რომელსაც გიგანტური Tata Group განახორციელებს.