ინდოეთის ენერგოკომპანიები, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთში არსებული აქტივებიდან $400 მილიონზე მეტ დივიდენდს ვეღარ იღებენ.
როგორც Bloomberg წერს, რუსეთის ნავთობისა და გაზის საბადოებში წილს ფლობს რამდენიმე ინდური კომპანია, მათ შორის არის ONGC Videsh Limited. თუმცა, მას აქტივებიდან დივიდენდების მიღება უჭირს რუსული ბანკების დასანქცირების გამო. გარდა ამისა, რუსეთს არ სურს დივიდენდების დოლარში გადახდა და საერთოდ, ხელს უშლის ვალუტის ქვეყნიდან გადინებას.
ინდოეთს უჭირს რუსული ნავთობის ყიდვა ევროკავშირის მიერ დადგენილ ზღვრულ შესასყიდ ფასზე – $60 -ზე ძვირად. როგორც ცნობილია, ინდოეთი, ჩინეთთან ერთად, ოფიციალურად არ შეუერთდა რუსული ნავთობის შესასყიდ ფასზე შემოღებულ შეზღუდვებს, რაც გულისხმობს „ფასის ჭერის“ განსაზღვრას.
მართალია, ინდოეთი შეთანხმებას არ შეუერთდა, მაგრამ პირობა დადო, რომ არ დაარღვევდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ინდოეთის ხელისუფლებამ ბანკებსა და ნავთობით მოვაჭრეებს სანქციების პირობების დაცვა სთხოვა. ბანკებმა კომპანიები გააფრთხილეს, რომ ისინი ბარელზე $60-ზე მეტს ვერ გადაიხდიან.
2023 წლის 29 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსულმა როსნეფტმა ინდოეთის ნავთობკომპანიასთან დადო ხელშეკრულება ნავთობის მიწოდების გაზრდის შესახებ.
2023 წლის 13 აპრილს ინდოეთმა განაცხადა, რომ იცავს რუსული ნავთობის მიმართ დასავლეთის მიერ შემოღებულ სანქციებს.
თუმცა, პერიოდულად ჩნდება ცნობები, რომ ინდოეთი და ჩინეთი რუსულ ნავთობს ზღვრულ ფასზე მაღალი ღირებულებით ყიდულობდნენ.
Reuters-ის ცნობით, რუსეთი, დასავლეთის მცდელობის მიუხედავად, ნავთობიდან დიდ შემოსავალს იღებს.