G20-ის სამიტზე, რომელიც ნიუ დელიში გაიმართა, გადაწყდა ახალი სავაჭრო მარშრუტის შექმნა ინდოეთიდან ევროპაში.
ინდოეთმა, ევროკავშირმა, აშშ-მა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სარკინიგზო და საზღვაო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი სახელწოდებით ინდოეთი-ახლო აღმოსავლეთი-ევროპის ეკონომიკური დერეფანი (IMEC), მიზნად ისახავს აზიისა და ევროპის ინტეგრაციას და აჩვენებს, რომ დასავლეთი და განვითარებადი სამხრეთი უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ეტაპზე გადადიან.
ჩინეთის ახალ აბრეშუმის გზას ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა ზუსტად თავის მეათე წლისთავზე რეალური კონკურენტი გამოუჩნდა.
რატომ შენდება ახალი გზა
ინდოეთი-ახლო აღმოსავლეთი-ევროპის ეკონომიკური დერეფანი ითვალისწინებს სარკინიგზო ქსელის მშენებლობას და შესაბამისი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ინდოეთის ყურიდან ხმელთაშუა ზღვამდე.
ამგვარად, პროექტის მონაწილე ქვეყნები საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდას შეძლებენ. ეს იქნება მათი პირველი თანამშრომლობა კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სფეროში, რომელშიც მონაწილეობენ ინდოეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ევროკავშირი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და შეერთებული შტატები. ახალი დერეფანი შეამცირებს ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის სატრანზიტო მარშრუტის გამტარუნარიანობას.
პორტებით და ახალი წყალქვეშა კაბელების საშუალებით მოხდება ინტერნეტისა და ელექტროენერგიის გადაცემა, ასევე წყალბადის ტრანსპორტირება ემირატებიდან, საუდის არაბეთისა და იორდანიის გავლით ისრაელამდე. ხოლო ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფადან ტვირთი გემით გადაიგზავნება ხმელთაშუა ზღვის პორტებში. ეს დერეფანი აკავშირებს სახელმწიფოებს, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მტრები იყვნენ.
ახალი კავშირი დააჩქარებს ვაჭრობას ინდოეთსა და ევროპას შორის 40%-ით, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ამჟამად ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირი გემებით ეგვიპტური სუეცის არხით ხდება.
IMEC პროექტი ვაშინგტონის დღის წესრიგში ჯდება, რომელსაც სურს, მოამზადოს დიდი დიპლომატიური შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში, საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის.
რაც მთავარია, ვაშინგტონი IMEC-ს ჩინეთის ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის (BRI) საწინააღმდეგო პროექტად განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა IMEC-ს უწოდა „დიდი გარიგება, მართლაც დიდი საქმე“. ვაშინგტონი მიზანია ინდოეთის უფრო მჭიდროდ დაკავშირება დასავლეთთან, ჩინეთის საპირწონედ.
ჩინეთი ნიუ დელიში მხოლოდ როგორც მაყურებელი
ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ძინპინი ნიუ დელიში G20-ის სამიტზე არ ჩასულა. შესაბამისად, მან თავისი დიდი პოლიტიკური წონა ვერ გამოიყენა.
მის ნაცვლად, ინდოეთში პრემიერი ლი ციანგი იმყოფებოდა, რომელმაც ალღო აუღო სიტუაციას და ევროკავშირს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ჩინეთმა და ევროპამ, როგორც გლობალური განვითარების ორმა მთავარმა მამოძრავებელმა, კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ”, – განაცხადა ლი ციანმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლეიენთან საუბარში.
ახალი დერეფანი – ინდოეთის გამარჯვება
ახალი დერეფნის პროექტი ინდოეთის დიდი მცდელობის შედეგია. ეს ქვეყანა აქტიურად ეძებს ახალ მარშრუტებს ევროკავშირის ბაზრამდე მისასვლელად. ინდოეთსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ვაჭრობა ყოველწლიურად იზრდება; 2022-23 ფისკალურ წელს ქვეყანამ ევროკავშირში €70 მილიარდის ექსპორტი განახორციელა. ამჟამად ნიუ დელი და ბრიუსელი მოლაპარაკებებს აწარმოებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაზე.
ევროკავშირისთვის ინდოეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სავაჭრო კავშირები უფრო აქტუალური გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთის გავლით სავაჭრო გზები ჩაიკეტა.
ახალი დერეფნის პრობლემები
IMEC-ის განხორციელებისას შეიძლება, თავი იჩინოს არაერთმა გამოწვევამაც. მაგალითად, განხილვა და ჰარმონიზაცია დასჭირდება სხვადასხვა რეგულაციას, გადასახადებს, საბაჟო პროცედურებს. დერეფანი შედგება სახმელეთო და საზღვაო მონაკვეთებისგან, რაც პროექტის შეთანხმებას ართულებს. გარდა ამისა, ამ დერეფნის კონკურენტად დარჩება არსებული სუეცის არხის მარშრუტი.
გარდა ამისა, გასამართია ინფრასტრუქტურა. კერძოდ, საბერძნეთში (ევროკავშირის უახლოესი პორტები IMEC-თან), რკინიგზა ცუდად არის განვითარებული, როგორც მთიანი რელიეფის, ასევე, ფინანსების ნაკლებობის გამო.
ვარაუდობენ, რომ საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები მოითხოვენ სარკინიგზო ქსელის მშენებლობას უდაბნოების გასწვრივ, რაც პროექტის ხარჯებს გაზრდის. ცნობისთვის, არც შეერთებულ შტატებს და არც ევროკავშირს ჯერ არ განუმარტავთ, როგორ დაფინანსდება ახალი დერეფანი.
გეოპოლიტიკური ვითარებაც ამ რეგიონში საკმაოდ მყიფეა. არავინ იცის, საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა მომავალში როგორ განვითარდება.
ცხადია, რომ ჩინეთი, რუსეთი და ირანი დაუპირისპირდებიან ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრიან მათ პოზიციებს რეგიონში.
ასე, რომ, იმის მიუხედავად, რომ IMEC-ის კონცეფცია მიმზიდველად გამოიყურება, მის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
საქართველო ჩინურ დერეფანში
ინდოეთი-ახლო აღმოსავლეთი-ევროპის ეკონომიკური დერეფანი გვერდს აუვლის საქართველოს. ეს მარშრუტი ჩინეთის აბრეშუმის გზის მეტოქეა, რომელიც საქართველოზე გადის.
საქართველო აღმოჩნდა ჩინურ დერეფანში, რომლის დასუსტება აშშ-ის ინტერესებშია.
ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა ჩინეთის პრეზიდენტს 2013 წელს გაუჩნდა. მას საქართველოც შეუერთდა. საქართველომ ხელი მოაწერა მემორანდუმს ჩინეთთან „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, თუმცა, ამ შეთანხმებიდან ჯერჯერობით არც ისე ხელშესახები სარგებელი მიუღია.
ამ შეთანხმებით ისარგებლა ჩინეთმა. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რამაც გაზარდა ჩინეთიდან იმპორტის მოცულობა. დაიწყო პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით.
ქვეყანაში 30-მდე ჩინური კომპანია შემოვიდა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოგისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში.
ჩინეთი დაინტერესებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით, რომელიც სამომავლოდ მას ევროპასთან ვაჭრობის გაძლიერებისთვის სჭირდება. ხოლო გუშინ გამოცხადდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
ნონა ქვლივიძე