Tesla მსოფლიო მასშტაბით თავისი თანამშრომლების 10%-ს ათავისუფლებს, ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირებისა და ჩინეთის მხრიდან კონკურენციის გაზრდის გამო.
ელექტრომობილების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი ჯამში, დაახლოებით 14 000 სამუშაო ადგილს აუქმებს.
კომპანიაში სულ 140 000-მდე ადამიანია დასაქმებული. აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა შემცირებას “რთული გადაწყვეტილება” უწოდა.
”ჩვენ წლების განმავლობაში სწრაფად ვიზრდებოდით. მრავალი ქარხანა გვაქვს მთელს მსოფლიოში. ასეთ სწრაფ ზრდას მოჰყვა როლებისა და სამუშაო ფუნქციების დუბლირება გარკვეულ სფეროებში. რათა შემცირდეს ხარჯები და გაიზარდოს პროდუქტიულობა, ჩავატარეთ ორგანიზაციის საფუძვლიანი ანალიზი და მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, შემცირებულიყო თანამშრომლების რაოდენობა მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია დირექტორის შიდა წერილში.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად სძულს ადამიანების გათავისუფლება, მაგრამ ეს აუცილებელი ზომაა.
სამუშაო ადგილების შემცირება კომპანიის მაჩვენებლების გაუარესებამ განაპირობა. 2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში Tesla-ს ავტომობილების გაყიდვები დაეცა, პირველად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. აქციები ივლისის შემდეგ 40%-ზე მეტად გაუფასურდა, რადგან კომპანია განიცდის მკაცრ კონკურენციას კონკურენტებისგან, განსაკუთრებით ჩინეთის BYD-გან.