ილონ მასკი აპრილში ჩინეთში ვიზიტს და მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ Reuters წერს.
მასკი ეცდება, შეხვდეს ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს, რომელიც მას ჩინეთში Tesla-ს ქარხნის გახსნაში დაეხმარა.
მასკის ცნობით, მოგზაურობა აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობის გაზრდას ემთხვევა. ბოლო დროს მილიარდერი რამდენჯერმე აღმოჩნდა ამ კონფლიქტის შუაგულში. წინა თვეში ჩინეთის სახელმწიფო მედიამ ის გააკრიტიკა Twitter-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რომელიც ვუჰანის ლაბორატორიიდან COVID-19 -ის შესაძლო გავრცელებას ეხებოდა.
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა Global Times-მა მასკი დაადანაშაულა „შეთქმულების თეორიის პროპაგანდაში, რომელიც ცილს სწამებს ჩინეთს“ და გააფრთხილა, რომ არ „მოეჭრა ხელი, რომელიც კვებავს“. როგორც ცნობილია, ჩინეთი Tesla-ს ელექტრომობილების უდიდესი ბაზარია საზღვარგარეთ. ილონ მასკი ჩინური მედიის თავდასხმას საჯაროდ არ გამოხმაურებია.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა სტივ ბენონმა მასკს „ჩინეთის კომუნისტური პარტიის საკუთრება“ უწოდა.
წინა კვირას მილიარდერის დედა, მაი მასკი პირველად ჩავიდა ჩინეთში, რამაც ჩინურ სოციალურ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვიზიტის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა: „კარგ დროს ვატარებ ჩინეთში. ყველა კეთილი და მეგობრულია“.