The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ნარკოტიკებს იყენებს.
გამოცემის თანახმად, მასკის კომპანიების მენეჯერებსა და გამგეობის წევრებს რამდენიმე წელია, რაც მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ეჭვი გაუჩნდათ.
ისინი შიშობენ, რომ ამან „შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ მასკის ჯანმრთელობას, არამედ მის ექვს კომპანიასა და მილიონობით დოლარის აქტივებს, რომელსაც ის აკონტროლებს”.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ხშირად იყენებს LSD-ს, კოკაინს, ექსტაზს კერძო წვეულებებზე, სადაც ხელს აწერენ ხელშეკრულებებს. გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ყვებიან ის ადამიანები, ვინც შეესწრო მასკის მიერ ნარკოტიკების მოხმარებას.
ილონ მასკი ადრე საჯაროდ ეწეოდა მარიხუანას და ამტკიცებდა, რომ ფსიქოდელიური კეტამინის რეცეპტი ჰქონდა.
ამერიკულ გამოცემას მოჰყავს თვითმხილველების მონაყოლი იმის შესახებ, რომ მასკი არალეგალურ ნარკოტიკებს იყენებდა SpaceX-ის ამჟამინდელ აღმასრულებელ დირექტორსა და Tesla-ს საბჭოს ყოფილ წევრთან, სტივ იურვეტსონთან ერთად.
მასკთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ ის აგრძელებს ნარკოტიკების, განსაკუთრებით კეტამინის მოხმარებას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ბიზნესს.
მაგალითად, Tesla-ს ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი, ლინდა ჯონსონ რაისი, იმდენად უკმაყოფილო იყო მასკის ქცევითა და ნარკოტიკების მოხმარებით, რომ 2019 წელს კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელახლა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
The Wall Street Journal 2023 წელსაც წერდა მასკის მიერ კეტამინის გამოყენების შესახებ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მასკმა ტვიტერში დაწერა, რომ კეტამინი დეპრესიასთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა.
ამჯერად Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელმა უარყო ამერიკული მედიასაშუალების ინფორმაცია და განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მის ორგანიზმში ალკოჰოლის ან აკრძალული ნივთიერებების „კვალი“ არ აღმოჩნდა, რასაც ტესტების შედეგები მოწმობს.
ილონ მასკი მართავს ექვს კომპანიას, მათ შორის, სოციალურ ქსელ X-ს, The Boring Co-ს; ტვინის იმპლანტის სტარტაპ Neuralink-სა და ახალი ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ს.