უძრავი ქონების ივლისის თვის მიმოხილვამ აჩვენა, რომ თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები მცირდება, მაგრამ ფასი მაინც მაღალი რჩება.
TBC Capital-ის კვლევა აჩვენებს, რომ ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ახალი ბინების გაყიდვებმა უფრო მეტად იკლო. მათი წილი მთლიან გაყიდვებში 20%-მდე შემცირდა. 2023 წლის ივლისში 681 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 15%-ით ჩამორჩება წინა თვის მაჩვენებელს. თუმცა, წლიურ ჭრილში 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის ივლისში ძველი ბინების გაყიდვების რაოდენობა 2,655-ს გაუტოლდა და ივნისთან შედარებით 8%-ით შემცირდა. 7%-იანი კლება დაფიქსირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებითაც.
ახალ ბინებში ფასმა 3%-ით იკლო, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში, ფაქტობრივად უცვლელი დარჩა და უმნიშვნელოდ, 1%-ით გაიზარდა.
ახალი ბინის ფასმა ივლისში დაიკლო და კვადრატულზე $1,022 შეადგინა, ხოლო ძველი ბინის კვ. მეტრის საშუალო ფასი $1,199-ია.
აღსანიშნავია, რომ ძველი ბინების ფასის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება ძირითადად ვაკის და მთაწმინდის უბნების ხარჯზე ხდება. სადაც ერთი წლის განმავლობაში ძველ ბინების კვ. მეტრის ფასი შესაბამისად, 42%-ით და 38%-ით არის გაძვირებული.
საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ($/კვ.მ) და წ/წ ცვლილება (%). ახალი vs ძველი, ივლისი, 2023
მნიშვნელოვანია, რომ ერთწლიან ჭრილში ძველი ბინები ფასის ზრდის თვალსაზრისით, ახალ ბინებს მხოლოდ ჩუღურეთსა და ნაძალადევში ჩამორჩება. სხვა უბნებში ძველი ბინების ფასი უფრო მაღალ ზრდას აჩვენებს.
საცხოვრებელი ფართის ფასი მაინც მაღალი რჩება თუ მას წლიურ ჭრილში განვიხილავთ. ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა, როგორც ახალი (+29%), ისე ძველი (+22) ბინების შემთხვევაში.