საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის, ილია მეორის 2025 წლის საშობაო ეპისტოლეს ავრცელებს.
ეპისტოლეში შობის დღესასწაულის მილოცვისა და მის მნიშვნელობაზე საუბრის შემდეგ, პატრიარქი ყურადღებას ამახვილებს ეგოცენტრიზმზე, როცა ადამიანში ღმერთის ადგილს ეგოისტური ,,მე” იკავებს.
„ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა “მე” განსაკუთრებულად დომინირებს. ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.
ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება, არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი”,- ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქი ასევე საუბრობს სიკვდილის შიშზე, რომელიც ცოდვებისგან მოდის, როდესაც ადამიანი “უფრთხის ღმერთთან შეხვედრას” და სულის განწმენდის ნაცვლად, თავს ათეიზმს აფარებს.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სრული ვერსია იხილეთ ბმულზე