2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $2 898.1 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3% -ით მეტია. აქედან, ექსპორტი $914.7 მილიონი იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.3%-ით მეტია, ხოლო იმპორტი $1 983.3 მილიონია, რაც 9%-იანი ზრდაა. ქვეყანას კვლავაც მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს(იმპორტ-ექსპორტს შორის სხვაობა) და ის 2023 წლის იანვარ-თებერვალში $1 068.6 მილიონს შეადგენს, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9%-ია.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს თებერვალში, იანვართან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. განსაკუთრებული კლება ეტყობა იმპორტს, რომელიც ერთ თვეში 5.5%-ით არის შემცირებული. იანვარში იმპორტი $1019,7 მილიონი იყო, ხოლო თებერვალში $963,6 მილიონამდე შემცირდა. მცირე კლებაა ექსპორტში. იანვარში უცხოეთში $459 მილიონის პროდუქცია გავიდა, ხოლო თებერვალში ექსპორტის მაჩვენებელი $455,8 მილიონი იყო. ცნობისთვის, წინა წლებში ექსპორტ-იმპორტის დინამიკა განსხვავებულ ტენდენციას აჩვენებდა. კერძოდ, ორივე ეს მაჩვენებელი თებერვალში ზრდას აჩვენებდა, იანვრის თვესთან შედარებით.