2024 წლის იანვარში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 74,4%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, გასულ თვეს ჩრდილოეთიდან $67,637 მლნ. გადმოირიცხა, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან გზავნილებმა $267,615 მლნ. შეადგინა.
რაც შეეხება მთლიან მაჩვენებელს, სებ-ის სტატისტიკით 2024 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $263.4 მლნ. (704.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 40.8%-ით ($181.6 მლნ) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე $1 მილიონს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.
რაც შეეხება ევროკავშირს, $100.4 მლნ გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 38.1%-ია. ზრდა კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ია. მაშინ, როცა სხვა ქვეყნების ჯამური გადმორიცხვები 53.9%-ით შემცირდა.