თხილის მოსავალი
საქართველოში თხილის წარმოების ბოლო წლების მაჩვენებლები ადასტურებს, რომ აღნიშნული სექტორი არასტაბილურია.
2023 წელს საქართველოში თხილის მოსავალმა 36.9 ათასი ტონა შეადგინა. რაც აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს 22,3 ათასი ტონა, მაგრამ ნაკლებია 2021 წლის მოსავალზე, როცა ქვეყანაში 46 ათასი ტონა თხილი მოვიდა.
მსოფლიოში თხილის წარმოება მზარდია. ამასთან, თურქეთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი წილი მსოფლიო თხილის წარმოების 71.0%- ია.
საქართველო მე-6 ადგილზეა მსოფლიო თხილის წარმოების 2.5%-იანი წილით, რომელიც ქვეყნისთვის საექსპორტო პროდუქტია. ამასთან, თხილის უდიდეს ნაწილს ევროპის ქვეყნები მოიხმარენ შოკოლადის წარმოებისთვის.
საქართველოში თხილის ნარგავი ფართობი 70-72 ათასი ჰექტარია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიხედვით. აქედან, 44 ათასი ჰექტარი მცირე ზომის 3 ჰექტრამდე ბაღებს მოიცავს.
Galt&Taggart თხილის ბაზრის შეფასებისას აღნიშნავს, რომ საქართველოში თხილის წარმოება საკმაოდ მერყევია, რაც მოსავლიანობის ცვალებადობას უკავშირდება.
თხილის მოსავლიანობა საქართველოში დაბალია – 0.62 ტონა/ჰექტარზე (ნაჭუჭიანი). ამ მაჩვენებლით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება თურქეთის (1.03), აზერბაიჯანის (1.40) და მსოფლიო საშუალო (1.13) მოსავლიანობას.
მოსავლიანობის მსოფლიო საშუალომდე მომატების შემთხვევაში, საქართველოს აქვს წარმოების გაორმაგების პოტენციალი. თხილის საშუალო მოსავლიანობის არსებული 0.62-დან 1.0-მდე
გაუმჯობესების შემთხვევაში მოსალოდნელია წარმოების ზრდა 25.2 მილიონ კილოგრამამდე 2030
წელს.
თხილის დაბალ მოსავლიანობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს.
2022 წელს დაბალი მოსავალი გამოიწვია მომატებულმა ნალექმა მოსავლის მოკრეფის პერიოდში. აღნიშნულის შედეგად, თხილში იმატებს წყლის შემცველობა, რაც შემდგომში პროდუქტს აფუჭებს.
დაბალი მოსავლიანობის კიდევ ერთი მიზეზი ნერგების არასწორი მოვლა და სასუქის არ გამოყენებაა. სასუქებს უდიდესი გავლენა აქვს წარმოების მოცულობაზე და ხარისხზე, შეწამვლა კი ფაროსანის ეფექტის უარყოფით ზეგავლენას ამცირებს.
ასევე, აღსანიშნავია თხილის წარმოების ფრაგმენტაცია, რაც წარმოებისთვის კაპიტალის ნაკლებობას განაპირობებს.
Galt&Taggart-ის შეფასებით, თხილის სექტორის ზრდისთვის საჭიროა საშრობების და გადამუშავების განვითარება, რადგან ხარისხის შემცირებას იწვევს არასწორი პოსტ-ჰარვესტი.
ამის გამო, ყოველწლიურად იმატებს თხილის საშრობებში ინვესტიციები. 2023 წელს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში 8,256 ტონის ტევადობის საშრობების და 8 გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაფინანსდა.
წარმოებას რაც შეეხება, 3 ჰექტრამდე თხილის ფართობების მფლობელებმა სახელმწიფოსგან 2023 წელს 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლისთვის, რამაც მთლიანობაში 20.9 მილიონ ლარიანი სუბსიდია შეადგინა. სახელმწიფო ამ პროგრამას 2024 წელსაც აგრძელებს 20 მილიონ ლარიანი ბიუჯეტით.