თურქეთმა აჩერებს ყოველგვარ ვაჭრობას ისრაელთან. ამის შესახებ Bloomberg თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
თურქეთს გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა, სააგენტოს ინფორმაცია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელ კაცმა თურქეთის პრეზიდენტი სავაჭრო ხელშეკრულებების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ზუსტად ასე იქცევა დიქტატორი, უგულებელყოფს თურქი ხალხის და ბიზნესმენების ინტერესებს, უგულებელყოფს საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
მან ასევე თქვა, რომ ისრაელის ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას ალტერნატიული მომწოდებლების მოსაძებნად და განსაკუთრებულ ყურადღებას ადგილობრივ წარმოებაზე გაამახვილებს.
თურქეთის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელს თურქეთსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ $6,8 მილიარდი შეადგინა. ამ თანხის დაახლოებით 76% თურქეთიდან ექსპორტზე მოდიოდა. სააგენტო აღნიშნავს, რომ თურქეთი ისრაელს ძირითადად რკინასა და ფოლადს აწვდიდა.
აპრილში თურქეთმა დააწესა საექსპორტო შეზღუდვები 54 კატეგორიის საქონელზე, მათ შორის ფოლადისა და ალუმინის ნაწარმზე. თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვები ძალაში დარჩებოდა მანამ, სანამ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი ნაკადი არ იქნება უზრუნველყოფილი. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე დაადანაშაულა ისრაელის ხელისუფლება ღაზას სექტორში ათასობით პალესტინელის დაღუპვაში.
თავის მხრივ, ისრაელმა პირობა დადო, რომ საპასუხო შეზღუდვებს შემოიღებდა და სთხოვა თავის მოკავშირეებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, სანქციების დაწესება თურქეთის წინააღმდეგ.