თელ–ავივის საფონდო ბირჟის საბანკო ინდექსი, რომელიც ისრაელის ბანკების საორიენტაციო მაჩვენებელია, 20%-ით დაეცა რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.
ისრაელის ბანკებში ინვესტიცია ყოველთვის უსაფრთხო ინვესტიციად ითვლებოდა.
2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის საბანკო სექტორმა რეკორდული მოგება – 14 მილიარდი შეკელი აჩვენა (ამჟამად $1=4 შეკელს). თელ-ავივის საფონდო ბირჟის საბანკო ინდექსი სექტემბერში გაიზარდა 12%-ით და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.
თუმცა, 7 ოქტომბერს დაწყებული ოპერაციის შემდეგ ინდექსმა მკვეთრი ვარდნა განიცადა. ეს კლება მოიცავს ხუთ უმსხვილეს ბანკს: Bank Leumi, Bank Hapoalim, Israel Discount Bank, Mizrahi Tefahot Bank და First International Bank of Israel. საბანკო ინდექსი უკვე 20%-ით შემცირდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლების ტენდენცია შესაძლოა, გაგრძელდეს, რადგან რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, ამ ბანკების აქციებს მით მეტი ინვესტორი გაყიდის.
ბანკები ისრაელის ეკონომიკის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. მათი საქმიანობა ეკონომიკის სიჯანსაღის ერთგვარი ბარომეტრია. თუმცა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ომი შეაფერხებს მათ საქმიანობას, განსაკუთრებით ბიზნესის, შინამეურნეობებისა და უძრავი ქონების სექტორის მიერ სესხების დაფარვის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ბანკებმა უკვე წამოიწყეს კლიენტებისთვის დახმარების პროგრამები.
სარეიტინგო სააგენტოები აღიარებენ ამ რისკებს, თუმცა მიიჩნევენ, რომ საბანკო სისტემას ლიკვიდურობის მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება. რადგან ის დამოკიდებულია საცალო დეპოზიტებზე, რომლებმაც სტაბილურობა აჩვენეს წინა კრიზისების დროს. მიუხედავად ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ ბანკებს მოუწევთ საკრედიტო დანაკარგების უფრო დიდი რეზერვების გამოყოფა მომავალ კვარტალში, რაც პოტენციურად იმოქმედებს მათ შემოსავალზე.
ისრაელის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად 4,75%-ია. ანალიტიკოსთა უმეტესობა მომავალში ეკონომიკის სტიმულირებისთვის განაკვეთის შემცირებას ელოდება.