თეთრ სახლში ევაკუაცია საეჭვო ნივთიერების გამო გამოაცხადეს.
კვირას, 2 ივლისის საღამოს, თეთრი სახლის ტერიტორიაზე საეჭვო ნივთიერება აღმოაჩინეს, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ The Washington Post წერს.
წინასწარმა ანალიზებმა აჩვენა, რომ საეჭვო ნივთიერება კოკაინი იყო.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა (US Secret Service) განაცხადა, რომ ექსპერტები ნივთიერების შემდგომ ანალიზს აწარმოებენ. ასევე, იძიებენ, როგორ მოხვდა ნივთიერება თეთრ სახლში.
საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, თეთრი სახლის თანამშრომლებს ევაკუაცია მცირე ხნით მოუწიათ. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმ დროს იქ არ იმყოფებოდა.
სამსახურს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა ადგილას იპოვეს ნივთიერება თეთრ სახლში.