თებერვალში სამომხმარებლო ფასები იანვართან შედარებით -0.3%-ით შემცირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თებერვალში ინფლაციის საერთო დონის შემცირება, უმეტესად, ჯანდაცვის და ტრანსპორტის სექტორმა განაპირობა. ფასის კლება მოხდა სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე(-8.1%). თუმცა, თებერვალში ისევ გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურება(1.3%).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5%-ით, რაზეც გავლენა მოახდინა საწვავისა და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის გაიაფებამ. თუმცა, პარალელურად, თებერვალში გაზრდილია ავტომობილებისა და სატრანსპორტო მომსახურების ფასები.
სურსათის გაძვირება წინა თვეშიც გაგრძელდა: ბოსტნეული და ბაღჩეული 10.2%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2.8%-ით, ხილი და ყურძენი 2.2%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 1.5%. ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე -2.3%-ით.